ახალი ამბები
საავადმყოფოს შენობიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს შენობის მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს დილით პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, დამოუკიდებლად სუნთქავს და კონტაქტურია.

„მდგომარეობა გუშინდელი დღიდან არ გართულებულა, არის სტაბილურად მძიმედ. ექიმებმა მისი მედიკამენტოზური მკურნალობა გადაწყვიტეს, რჩება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში “, - აღნიშნა ნიორაძემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან სამ წლამდე ბავშვი გუშინ დილით გადმოვარდა. ის მოგვიანებით ქუთაისში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები აღენიშნება. ასევე, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა წვივის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ჰოსპიტალში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

საავადმყოფოდან გადმოვარდნილი ბავშვი ქუთაისში გადაიყვანეს (ვიდეო)

ექიმი: მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა (ვიდეო}

ზუგდიდის საავადმყოფოდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
Print