რეგიონი
საკრებულოს წევრი გარევაჭრობის რეგულირების წესის ამოქმედებას ითხოვს
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა მერიისგან გარევაჭრობის რეგულირების წესის ამოქმედებას ითხოვს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.

„მერიამ სასწრაფოდ მიიღო გარევაჭრობის რეგულირების წესი, თუმცა ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელია და ის ხალხი, რომელიც გარევაჭრობას ეწევა, ისევ ძველ ადგილებს იკავებს. მიჩნდება კითხვა, რატომ არ ასრულებენ კანონს? ჩვენ თავის დროზე ვამბობდით, რომ მძიმე სოციალური ფონის გამო ვერ მოხდებოდა გარევაჭრობის აკრძალვა ქალაქში. ჩვენ გარემოვაჭრეებს ვთავაზობდით მცირე კონსტრუქციების გაკეთებას, რომლებიც არ დაამახინჯებდნენ ქალაქის იერსახეს და არც ეს ხალხი იქნებოდა უკმაყოფილო. გვქონდა შეხვედრები მოვაჭრეებთან, არასამთავრობოებთან და მერიასთან შეთანხმებით ვაცნობდით აღნიშნულ საკითხს. თუმცა კი, მოულოდნელად მიიღო სხვა გადაწყვეტილება, რაც იყო წინაპირობა საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი თოდუას თანამდებობიდან გადადგომის“, - აღნიშნა ქოჩუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განმარტებით, გარევაჭრობის რეგულირების წესის მიღება აუცილებელი იყო, რადგან გარემოვაჭრეების შიგნით შეყვანა სხვანაირად ვერ მოხდებოდა, რაც, მისი თქმით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი"
დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდება.

Print