რეგიონი
ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. მერიაში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა. ჩვენს კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას, მერიაში გვპასუხობენ, რომ ერთი მეორესთან კავშირში არ არის. 

"ის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლის დაკავებას არ უკავშირდება",- აცხადებენ მერიაში.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემის და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Print