რეგიონი
თემაზე "კონფლიქტები საქართველოში, არსებული ვითარება და გამოწვევები" ზუგდიდში იმსჯელეს (ვიდეო)
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა „კონფლიქტები საქართველოში, არსებული ვითარება და გამოწვევები“ გაიმართა. უსაფრთხოების და კონფლიქტების საკითხების სპეციალისტმა ნანა კალანდარიშვილმა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა ქართულ-აფხაზურ და ქართულ - ოსური ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ელიკო ბენდელიანის თქმით, პროექტი სამშვიდობო აქტივობებს სამხრეთ კავკასიაში ითვალისწინებს.

„ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვისაც აინტერესებს სამშვიდობო თემატიკა და ვცდილობთ მათთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რა მდგომარეობა გვაქვს და როგორ შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი. პროექტის ფარგლებში ეწყობა სამშვიდობო ბანაკები, იმართება მრგვალი მაგიდები, სემინარ დისკუსიები, რომელშიც ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილეობენ“, - აღნიშნა ბენდელიანმა. 

გიორგი კანაშვილის განმარტებით, ქართული მხარე, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება აქტიურად ცდილობს ნდობის აღდგენას გამყოფ ხაზს მიღმა. კანაშვილი თვლის, რომ გარკვეული პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა პრობლემას იგი ე.წ საზღვრის კვეთაში ხედავს.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოდიან ადამინები, სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად, სავაჭროდ და ხშირ შემთხვევაში დასასვენებლად. მიუხედავად ამისა, ე.წ საზღვრებზე გადმოსვლა პრობლემად რჩება, სწორედ ამ ფაქტორის გამო იკავებენ თავს. ბევრი ფაქტი არსებობს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ოსებისა და აფხაზების დაკავების“, - განაცხადა კანაშვილმა.

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.




Print