ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასები გაეზარდა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს, შრომითი ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ. შესაბამისი ცვლილება სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე მთავარ სპეციალისტებს ეხებათ. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კოეფიციენტების ცვლილება ძალაში 2021 წლიდან შევა.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, თანამდებობრივი სარგოს მომატება ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს.

გარდა ამისა, საკრებულოში ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გაჩნდა, რომლის შრომითი ანაზღაურება 1 250 ლარით განისაზღვრა.

„კოეფიციენტებზეა დამოკიდებული, ზოგს 100, ზოგს კი 200 ლარით გაეზარდა ანაზღაურება. ჩვენ გვესმის საჯარო მოხელეების დატვირთული გრაფიკი და პასუხისმგებლობა, ეს კიდევ ერთხელ საკრებულოს მოგვცემს საფუძველს, რომ მეტი კონტროლი გავუწიოთ მათი მუშაობის ეფექტურობას და ხარისხს, რომ გაამართლონ მაღალი სახელფასო ანაზღაურება“, - განაცხადა წოწერიამ.

საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძე ზუგდიდში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე ხელფასების ზრდას არ ეთანხმება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ვერცერთი დაპირების შესრულება, ხელფასების გაზრდა არის ძალიან ცუდი და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - აღნიშნა წითლიძემ.

ამავე პოზიციას იზირებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ფონზე ხელფასების ზრდა არასწორია.


Print