ახალი ამბები
ოპოზიცია „თაუნ პარკის“ საკითხის შესწავლას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს მომავალ სხდომაზე ოპოზიცია ქალაქის მერიისა და „თაუნ პარკის“ წარმომადგენლბის მისვლას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ დღეს დააყენა. მისი თქმით, პარტიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და გაირკვა, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. 

„7 თვის განმავლობაში თაუნ პარკს ბიუჯეტში არცერთი თეთრი შემოუტანია. ეს დავალიანება იძლევა საფუძველს იმისა, რომ მათ ხელშეკრულება შეუწყდეს“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით კი, ისინი მერიისგან სიტუაციში გარკვევას ითხოვენ.

„ეს უკვე არის შავი ლაქა ხელისუფლებისთვის, რადგან იყო დაპირება, რომ მოწესრიგდებოდა პარკირების საკითხი, მაგრამ არის აბსოლუტური განუკითხაობა. თუკი კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს, ხელშეკურლების შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მერიამ „თაუნ პარკს“ ბიუჯეტში თანხის შესატანად და დავალიანების დასაფარად 10 დღიანი ვადა მისცა.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც პარკირების საკითხის მოგვარებას მუშაობს, რომ ზუგდიდს ჰქონდეს სრულყოფილი და მოწესრიგებული პარკირების წესი“, - აღნიშნა წოწერიამ.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. 


ამავე თემაზე:

ენმ: თაუნ პარკი მოქალაქეების ფულს იპარავს (ვიდეო)
Print