ახალი ამბები
ზუგდიდის ახალ მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ პრემიები არ გაცემულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პრემია და სახელფასო დანამატი არ გაცემულა. მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ახალი მერი შეუდგა მუშაობას, სახელფასო დანამატები და პრემია მერს, მის მოადგილეებსა და არცერთ თანამშრომელს არ აუღია.

ნოემბერ-დეკემბერში პრემია და სახელფასო დანამატი არ გაცემულა საკრებულოს თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზეც.



ზუგდიდის მერიაში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს, შრომითი ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგო გაეზარდათ. შესაბამისი ცვლილება სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე მთავარ სპეციალისტებს ეხებათ. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კოეფიციენტების ცვლილება ძალაში 2021 წლიდან შევა.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, თანამდებობრივი სარგოს მომატება ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს.


„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობების პირზე ვრცელდება, 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში.

ცვლილებების თანახმად, გარდა იმისა, რომ, კანონი განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, ასევე ადგენს შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასები გაეზარდა (ვიდეო)


Print