ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ფილმს გადაიღებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ზუგდიდში პირველდაწყებითი ქალთა სასწავლებლის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველდაწყებითი ქართული სკოლის, პროფესიულ სასწავლებლებისა და გიმნაზიის დაარსებაზე.



ფოტო: პედაგოგიური ინსტიტუტი 40-იან წლებში


ამავე დოკუმენტის თანახმად, ფილმი უნდა ასახავდეს ზუგდიდში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას 1867-1917 წლებში და სალომე დადიანის როლს ზუგდიდში პირველდაწყებითი ქალთა სასწავლებლის დაარსებაში.

მერიის განათლების განყოფილების მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება. ფილმის გადაღებისთვის 5 000 ლარია გამოყოფილი და ის, სავარაუდოდ, 15 წუთიანი იქნება. გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტური ნამუშევარი ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა წარადგინოს.

Print