რეგიონი
მერიის სოციალური პროგრამების კომისიებში 2-2 წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან იქნება (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის სოციალური პროგრამების კომისიაში ოთხი წევრი არასამთავრობო სექტორიდან იქნება წარმოდგენილი. ისინი რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორმა კენჭისყრის პრინციპით აირჩია.

„ნაბიჯი ზუგდიდიდან“ როსტომ ზარანდია და „ადამიანი გაჭირვებაში“ რეგიონული კოორდინატორი ანა ქოჩუა „უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის“ კომისიის წევრები იქნებიან. “მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ კომისიაში კი „თემის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი თამარ დაგარგულია და ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა შევლენ.

მერის მოადგილის მაიზერ ნანავს თქმით, აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩართულობა სამართლიანობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

„აღნიშნული პროგრამების კომისიებში შედიან, როგორც მერიაში დასაქმებული ადამიანები, ასევე საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმოამდგენლები. წელს სოციალური პროგრამებისთვის ბიუჯეტში 700 ათასი ლარია გათვალისწინებული, რომელიც ბენეფიციარებისთვის 30 სახლის აშენებას და 20 ოთახის გარემონტებას მოხმარდება“, - აღნიშნა ნანავამ.

სპეციალური კომისიები, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, ბენეფიციარების განცხადებებს სწავლობენ.

შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მონაწილეებმა 2017 წელს განხორციელებული სოციალური პროგრამების შედეგების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. მერიის წარმომადგენლების ცნობით,  გასულ წელს მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 25 ოჯახს აუშენდა სახლი და 10 „თბილი ოთახი“ მოეწყო.










Print