ახალი ამბები
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“- პარლამენტი რეზოლუციას სავარაუდოდ მომავალ კვირას მიიღებს
საქართველოს პარლამენტი რეზოლუციას, რომელშიც ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” იქნება გათვალისწინებული და დაწესდება სანქციები რუსეთისთვის, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

„ეს იქნება რეზოლუცია, რომელიც დაგმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, თუ როგორ აღვუდგეთ მსგავს სამარცხვინო და ტრაგიკულ ფაქტებს. დავასრულეთ კონსულტაციები, შეთანხმებული ვართ პრინციპებზე და საერთო ტექსტზე, დაგვრჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხები“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ეს განცხადება მან უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა, სადაც დეპუტატებმა რეზოლუციის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო" გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ე.წ. "მაგნიტსკის სიის" მსგავსი "ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია", რომელშიც მოხვდებიან ის პირები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი და ამ პირთა მიმართ ამოქმედდეს კონკრეტული სანქციები.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.



Print