ახალი ამბები
მერია: ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, მანამდე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მეორე ეტაპი გადახურვის, განათების, ვინტილაციის სამუშაოებს და თანამედროვე სტანდარტების ტაბლოს მონტაჟს გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად სტადიონი ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერა. დღეს კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრა სფფ-ს სტადიონების განყოფილების უფროსთან მამუკა კვარაცხელიასთან გაიმართა. 



"ადგილზე სკურპულოზური დათვალიერების შემდეგ პირადად გავზომე ყველა პარამეტრი. მინდა მოგახსენოთ, რომ ზუგდიდის სტადიონი ზოგ პარამეტრში გადააჭარბებს კიდეც მესამე კატეგორიის მოთხოვნებს, მაგალითად თუ მესამე კატეგორიის სტადიონზე მინიმალური რაოდენობა მაყურებლებისა არის 4 500 კაცი, აქ 7 000-ზე მეტი დაეტევა, მინდვრის სიგრძე სიგანე- 105-68 იქნება, 200-ს გადააჭარბებს საპატიო სტუმართა ლოჟაში სკამების რაოდენობა, იქნება ჟურნალისტთა კეთილმოწყობილი ლოჟა, მათთვის ბრწყინვალე სამუშაო პირობები, ბუფეტი, ასევე კომენტატორთა ადგილები, მყუდრო საპრესკონფერენციო, შერეული ზონა. მცირე კორექტურის შემდეგ, მაყურებელი ყველა ადგილიდან დაინახავს სათამაშო მინდორს, მათთვის მნიშვნელოვანი ჰიგიენისა თუ ჯანმრთელობის დაცვის (სამედიცინო ოთახები) საკითხები ნორმაზე მეტად იქნება დაცული, ძალიან კარგადაა ნაფიქრი საჭიროების შემთხევევაში სტადიონის სწრაფად დაცლის საკითხიც. მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ გადახურულ სტადიონზე იქნება საკმაოდ კარგი ხარისხის ელექტროტაბლო. ალბად იცით, რომ უეფამ წელს, სულ მცირე ხნის წინ მესამე კატეგორიის სტადიონზე აუცილებელი გახადა ტურიკეტების დამონტაჟება და სტადიონის უსაფრთხოების საგანგებო კონცეფცია (სათვალთვალო კამერები, უსაფრთოების ოთახი და აშ), მეორე ეტაპზე ამასაც გაითვალისწინებენ. მოკლედ, ის მცირე გადახრები, რასაც მშენებლობის პროცესში ადგილი ჰქონდა მალევე გამოსწორდება და ზუგდიდელებთან ერთად მეც დავტკბები თქვენი სტადიონის სილამაზით“, - განაცხადა შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა და "უეფას" მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.

ტენდერი სტადიონის მეორე ეტაპის საპროექტო სამუშაოებზე უახლოეს დღეებში, მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ფეხბურთის ფედერაცია რეკომენდაციით მერიას ოფიციალურად მიმართავს.




რადიო „ათინათს“ კვარაცხელიამ განუმარტა, რომ სხვადასხვა ხარვეზში რამდენიმე დეტალთან ერთად ბეტონის კედლისა და ტრიბუნაზე არსებული კედლის მორღვევაც იგულისხმება.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს "უეფას" სტანდარტების მესამე კატეგორიის სტადიონი ექნება.

ამავე თემაზე:

ფეხბურთის ფედერაცია: ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის კედელი უნდა მოირღვეს


Print