ახალი ამბები
დაბალი პოლიტიკური კულტურა, მიუღებელი და დაუშვებელი - არასამთავრობოები საკრებულოში ცემის ფაქტზე
ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას შეფასებით, დღევანდელი ინციდენტი ჩხუბის მონაწილე მხარეების დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.

„მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სხდომის გამართვამდე ამ ადამიანებმა ეთიკის კოდექსი განიხილეს, სრულიად მიუღებელია. ამომრჩევლებმა, მოქალაქეებმა ეს ხალხი საკრებულოში აირჩია მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სწორედ ამ პრობლემებზე სამსჯელოდ და არა იმისთვის, რომ მათ ერთმანეთს ასე საჯაროდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი ამბავი, როგორც ზუგდიდის საკრებულოში, ზოგადად სხვა წარმომადგენლობით ორგანოებშიც, მათ შორის პარლამენტში და ვფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში ამ ტიპის ურთიერთობის დრო პოლოტიკოსებს შორის არ არის. მათ მთელი თავიანთი საქმიანობის აქცენტები რეალურად იმ საქმეზე უნდა გააკეთონ, რის გამოც არიან არჩეულები და არა ერთმანეთისადმი შეურაცხყოფის მიყენებაზე“ - უთხრა რადიო „ათინათს“ თოდუამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარის ჯემალ ჭკადუას თქმით, მსგავსი ფაქტები მიუღებელია და, თუკი ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს.

„დაუშვებელია მსგავსი ფაქტები ხდებოდეს, ვინაიდან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პოლემიკა შეიძლება არსებობდეს ოპონენტებს შორის, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ის, რაც მოხდა მოცემულ შემთხვევაში და თან მაშინ, როცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინციდენტამდე რამდენიმე საათიდ ადრე საუბრობენ ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით. თუ ეს ყველაფერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები“, -აღნიშნა ჭკადუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება 126-ე ცემის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება დღეს რიგგარეშე სხდომაზე მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. 

ამავე თემაზე:

შსს-მ ზუგდიდის საკრებულოში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

Print