ახალი ამბები
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელე შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდის ხელფასს ითხოვს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს. ლალი ფაციამ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანა. ის აღნიშნულ პერიოდში ამავე დაწესებულებაში მუშაობდა.

„მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება დამიმთავრდა და კანცელარიის თანამშრომელი აღარ ვარ, გადავწყვიტე, მომეთხოვა ჩემი კუთვნილი ხელფასი. ჩემმა მაშინდელმა კოლეგებმა აიღეს ეს გაყინული ხელფასები. ბევრი არაა, სულ 500 ლარამდე“, - აღნიშნა ფაციამ.

სასამართლოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ლალი ფაციასთვის ძველი სახელფასო დავალიანების გადახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწევს.

Print