რეგიონი
საქართველო 100 წლის წინ - შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელმა (R-CSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან პარტნიორობით ჩაატარეს.

შეხვედრის მიზანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლთა ცნობიერების ამაღლება იყო. კვირეულის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა და მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯიქიამ იმდროინდელ ვითარებასა და ამჟამინდელ რეალობას შორის პარალელები გაავლეს. მათ ისაუბრეს მაშინდელი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, ისტორიულ რაკურსზე, განათლების სისტემასა და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.

არჩილ თოდუას თქმით, პირველი რესპუბლიკის პერიოდში არსებული თვითმმართველი სისტემა გამოირჩეოდა დეცენტრალიზაციის მაღალი დონით და გაცილებით უფრო მეტი შემოსავლის წყარო ჰქონდა.

„მათ ჰქონდათ უფრო მეტი შემოსავლის წყარო ვიდრე თანამედროვე თვითმმართველობას. ასევე ნიშანდობლივია ის მომენტი, რომ იმდროინდელი ხელისუფლება ცდილობდა, რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო მოქალაქეებთან. ამიტომ, ჩვენ გვქონდა დაახლოებით 39 თვითმმართველი ქალაქი“, - აღნიშნა თოდუამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას თქმით, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, თუმცა მისივე ინფორმაციით, იმ დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყო დაძაბული და ამან ძალიან შეაფერხა ეკონომიკური განვითარების პროცესი.

“გლეხებს მიწები გადაეცათ. თვითმმართველ ერთეულებსაც გადასცეს თავად-აზნაურთა მამულების ნაწილი. გატარდა სოფლის მეურნეობაში მთელი რიგი რეფორმები. ხელი შეეწყო კერძო მეწარმეებს, კერძოდ, მთავრობამ დაიწყო მათთვის ნედლეულის დარიგება. ზოგიერთებს ეხმარებოდა ფინასურად. საინტერესოა ისიც, რომ მთავრობამ გაატარა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოაყალიბა ეროვნული ვალუტა, როემლიც იყო რეგიონში ყველაზე მტკიცე“, - განმარტა ჯიქიამ.

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.



Print