რეგიონი
ზუგდიდში ახალგაზრდებმა თენგიზ ჯგუშიას სიტყვის უფლება არ მისცეს (ვიდეო)
ახალგაზრდები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ზუგდიდის პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ, დროებით დაიშალნენ. საპროტესტო გამოსვლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ და მისმა თანამოაზრეებმა გააგრძელეს. ახალგაზრდებსა და ჯგუშიას შორის, პროკურატურის შენობის მიმდებარედ, მცირე შელაპარაკება მოხდა. სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი და ყოფილი პარლამენტარი სიტყვის უფლებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა მას განუმარტეს, რომ იქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ იყო და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ჯგუშიამ მათ უთხრა, რომ ის არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ახალგაზრდებმა მას არ მოუსმინეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა პროკურატურიდან იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც სამომავლო გეგმები დასახეს და დაიშალნენ.

„თბილისში მიმდინარე მოვლენებს დაველოდებით და აქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ არ მიაქციეთ ყურადღება იმ მოწოდებებს, რაც გზადაგზა ისმოდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძეს მხარი დავუჭიროთ მშვიდობიანი აქციით, ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის მოსულები, რომ გადავკეტოთ გზა და ასე შემდეგ",- აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

შეკრებილებს საავტომობილო გზის გადაკეტვისკენ „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა (ვიდეო)



Print