ახალი ამბები
მოვაჭრეები ზუგდიდის ბაზარში მშენებლობებს აპროტესტებენ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეები ბაზარში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მათ საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცავების თხოვნის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე გადაინაცვლეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მშენებლობების უკანონოა და მათ ამით მუშაობაში ხელი ეშლებათ.

„ხელისუფლებას ვთხოვთ, სასწრაფოდ შეაჩერონ ეს მშენებლობა. პირდაპირ ეხებიან ჩვენს საქმიანობას და შემოსავალს. ეს მაღაზიები რომ აშენდება, მერე რა ვქნათ. აქციებს არ შევწყვეტთ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“, - ამბობენ მოვაჭრეები.

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაცია კი კერძო მესაკუთრეებს, კანონდარღვევაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრეები მათ საერთო სარგებლობაში მქონე ტერიტორიაზე გადავიდნენ.

„ააშენონ მარკეტები, არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენს საერთო ტერიტორიაზე არიან გადმოსული, რომელიც ჩვენ გვაქვს იჯარით აღებული. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ თავიანთი მარკეტები შემოღობონ და დაიცვან საზღვარი. ასევე, მშენებლობის ესკიზი, რომელიც მერიამ დაამტკიცა უნდა  შეაჩერონ“, - ამბობენ ისინი.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ჯაიანის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს და არანაირ გადაცდომას არ ააქვს ადგილი.  

„მშენებლობა ყველანაირი კანონის დაცვით მიმდინარეობს და არანაირ გადაცდომა არ ააქვს ადგილი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ღობის დემონტაჟს ეხება, არ არის სწორი, რადგან მისი დანგრევა ან აღება არ იგეგმებოდა“, - თქვა ჯაიანმა.

ზუგდიდის ბაზარში მაღაზიების მშენებლობას პროტესტი საკრებულოში რამდენიმე კვირის წინ მოყვა. შპს "ცენტრალური სუპერმარკეტის" ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით კი, ბაზრის ღობე, რომლის დანგრევაც იგეგმება მათი საკუთრებაა და სასმართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მოვაჭრეებს უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებოდა. გარდა ამისა, ენმ-ის მტკიცებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება ექსკლუზიურად საკრებულოს სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას მამაზე გაიცა. თავის მხრივ, სორდიას განმარტებით, მშენებლობის ნებართვა კანონიერად 22 ადამიანმა მოიპოვა და არა მხოლოდ მისმა ოჯახის წევრმა.

საკითხის მოკვლევის მიზნით, რამდენიმე დღის წინ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. წითლიძის მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორიის დაკანონება არასამართლიანი და უკანონოა.მუნიციპალიტეტის მერიაში კი ბრალდებებს უარყოფენ. მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ თქვა, რომ 2016 წელს ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება მოახდინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და არა მუნიციპალიტეტის მერიამ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მშენებლობის საკითხს საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა (ვიდეო)
Print