ახალი ამბები
დეპუტატმა მინისტრს, სავარაუდოდ, ზუგდიდელი პედაგოგის წერილი წაუკითხა, რომელშიც საარჩევნო დავალებაზეა საუბარი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა სერგი კაპანაძეს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ის წერილი წაუკითხა, რომელშიც, მისი მტკიცებით ზუგდიდის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა ხორგუანი საარჩევნო დავალებებზე საუბრობს.

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ 10 ნოემბერს, დამიბარეს ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც დამხვდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა რესურსცენტრის წარმომადგენელი მიხეილ ჭკადუა. დაბარებული ვიყავი 16:00 საათზე. როდესაც მივედი რესურსცენტრის შენობაში, იქ ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლების დირექტორები - დაახლოებით 10 სკოლის დირექტორი, რომლებიც პერიოდულად შედიოდნენ ბატონი ფარცვანიას კაბინეტში, რამდენიმე წუთში გამოდიოდნენ უკან და ტოვებდნენ შენობას. როდესაც რიგმა მომიწია, მეც შევედი კაბინეტში სადაც ფარცვანიას თან ჰქონდა ჩემი საჯარო სკოლის ყველა თანამშრომლის, დამლაგებლის და დარაჯის ჩათვლით, სია. მთხოვდა მიმეთითებინა, რომელი მათგანი რომელი კანდიდატის მხარდამჭერი იყო. ამასთან მთხოვდა, დავლაპარაკებოდი თითოეულ მათგანს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. რასაც მე შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ზოგიერთი მათგანი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამ თემაზე საუბარი გამოიწვევდა უკმაყოფილებას და აუცილებლად მიჩივლებდნენ. აღნიშნულზე მან მიპასუხა, რომ შემეძლო არ მედარდა ამ საკითხზე. საჩივრით ვერაფერს ვერ დაგაკლებენ, რადგან თვითონ მოვაგვარებ ყველაფერსო", - ნათქვამია კაპანაძის მიერ წაკითხულ წერილში. 

დეპუტატმა მინისტრს ამ საკითხზე მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდა. 

რადიო "ათინათი" დღეს დილით აღნიშნულ თემაზე ნათელა ხორგუანს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ სატელეფონო საუბარი არ სურდა, თუმცა, დაგვპირდა, რომ ორი გაკვეთილის შემდეგ შეგვხვდებოდა. მას შემდეგ ხორგუანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

რაც შეეხება კახა ფარცვანია, ჩვენს სატელეფონო ზარებზე არც მან გვიპასუხა. 

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია მინისტრს: ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?

Print