ახალი ამბები
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად ვლადიმერ გვილიას კანდიდატურა განიხილება
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკონკურსო კომისიამ მერის მოვალეობის შემსრულებელს ვლადიმერ გვილიას კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ირაკლი ამანათიძემ უთხრა. მისი თქმით, კომისიამ საბოლოო ოქმი მაიზერ ნანავას 11 თებერვალს წარუდგინა, გასაუბრება კი 8 თებერვალს შედგა.

გვილია ამ დრომდე ამავე სამსახურში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, ოქმის წარდგენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიიღოს დანიშვნის გადაწყვეტილება, თუმცა ამ დროის განმავლობაში საჯარო მოხელეობის კანდიდატებმა შესაბამისი საბუთები უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ სრულად ვერ წარადგენენ, ისევ გამოცხადება კონკურსი და ხელახლა ჩატარდება გასაუბრების ეტაპი“, - გვითხრა ამანათიძემ.

ღია და დახურული კონკურსები სულ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული, მათ შორის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის პოსტებზე, ასევე, III რანგის III კატეგორიის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტისა და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მერის წარმომადგენლის თანამდებობებზე.

ზუგდიდის მერიის ცნობით, მსურველებს HR.GOV.GE-ზე ელექტრონული განაცხადი უნდა შეეტანათ. სულ ასეთი 42 განაცხადი შევიდა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამავე ინფორმაციით,  17 კანდიდატი შეესაბამებოდა. სწორედ მათგან შეირჩა გასაუბრებით 4 კანდიდატი, რომელსაც კომისიას საშუალოდ ყველაზე მაღალი ქულათა ჯამი მიანიჭა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გასაუბრება მიმდინარეობს

Print