ახალი ამბები
მუზეუმის დირექტორმა გიდის სამსახურში აღდგენის ბრძანებას ხელი მოაწერა
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დირექტორმა ხელი მოაწერა. ლილი ბერაიას მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ზოდელავა უფლებამოვალეობის შესრულებას პირველი მარტიდან, დღეიდან უნდა შედგომოდა.

ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ლილი ბერაიამ დაუდასტურა.

თავად ელზა ზოდელავა კი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ სამსახურში ხვალ მივა და ჟურნალისტებსაც სწორედ ხვალ გაესაუბრება.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან 2017 წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს. მან გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 2018 წლის ივნისში უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. ზოდელავას ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა. თავის მხრივ, ბერაია აცხადებდა, რომ მას შტატი და ფინანსები ყოფილი გიდის სამსახურში აღსადგენად არ ჰქონდა.

ამავე თემაზე:

ელზა ზოდელავამ სამსახურში აღდგენის მოთხოვნით აღსრულების ბიუროს მიმართა

Print