ახალი ამბები
„თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიას სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მერიასა და „თაუნ პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის განკარგულების შეჩერების შესახებ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომპანიის იურისტმა დავით შველიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ 6 მარტს მიიღო, საბოლოოა და სხვა ინსტანციაში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„ხელშეკრულება ამ წუთშიც არის ძალაში, მაგრამ, ვინაიდან ჯერ არ ჩაგვბარებია გადაწყვეტილება, მოქმედებებს არ ვახორციელებთ. ხელშეკრულება ზუგდიდის სასამართლომაც დატოვა ძალაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მერის პირველმა მოადგილემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პარკირების საფასური არ გადაეხადა, შეიქმნა პრობლემები მოსახლეობასთან. ამიტომაც, ამ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით დაველოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმედია, ახლა გამოვა მერიის წარმომადგენელი, არ გააკეთებს კანონთან შეუსაბამო განცხადებას და ხალხს ეტყვის, ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედოს. როცა მოსახლეობას მოუწოდებ, რომ არ გადაიხადონ საფასური, ძნელია აუხსნა მათ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებ. გავერიდეთ ამ კონფლიქტურ სიტუაციას“, - აღნიშნა შველიძემ.

რაც შეეხება მერიის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებს, შველიძემ განმარტა, რომ „თაუნ პარკს“ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ბოლომდე შეესრულებინა მოვალეობები, რაც, თავის მხრივ, ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებით იყო გამოწვეული.

„მერია ამბობს, რომ პარკირების ადგილები არაა დახაზული. ის ქუჩები გადათხრილია და რა უნდა დახაზოს თაუნ პარკმა. მერია სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს და ეს ნორმალურია, გაგებით ვეკიდებოდით ამ სიტუაციას და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვსარგებლობდით ტერიტორიით, პატიოსნად ვიხდიდით თანხას. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს განცხადება, რომ არ ვასრულებდით მოვალეობებს, რაც რეალობისგან შორსაა“, - გვითხრა იურისტმა.

ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში გაუწყვიტა, მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოაცხადა. კომპანია "თაუნ პარკმა" ზუგდიდის მერიის ბრძანება მასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ სასამართლოში გაასაჩივრა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრძანების აღსრულება შეაჩერა, რაც თავის მხრივ, მერიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს, რომ მათ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც სასამართლოს განჩინება ჩაბარდებათ.

Print