ახალი ამბები
ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ქუთაისში გადაიყვანენ
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე შპს „იმერეთი ჯგუფი“ იზრუნებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე უპატრონო ძაღლებს ქუთაისში მდებარე თავშესაფარში გადაიყვანს. აღნიშნული მომსახურებისთვის კი შპს, თითქმის, 28 ათას ლარს მიიღებს.

ხელშეკრულება კომპანიასა და მერიას შორის გუშინ, 12 აპრილს გაფორმდა. ტენდერში ფიზიკური პირი მარინა ჯანელიძეც მონაწილეოებდა, თუმცა, როგორც შესყიდვების ელექტრონულ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩანს, მან ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისთვის „იმერეთი ჯგუფზე“ მეტი თანხა - თითქმის 30 ათასი ლარი მოითხოვა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ძაღლების იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით (ლასოთი/ბადით) და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა. თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია.  ასევე, კომპანიამ ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნოს, ცხოველები უნდა განათავსონ საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოლიერებში, ამასთან, უნდა უზრუნველყონ ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, უკურნებელი სენით დაავადებული ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში გადაყვანა.

ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 461 ძაღლის გადაყვანაზე. მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ, 2019 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

მიმდინარე წლის 4 თებერვალს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაია რადიო "ათინათის" ეთერში თქვა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში 2019 წელს ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაა დაგეგმილი.



Print