ახალი ამბები
შსს: საპოლიციო ძალები რეგიონებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით გადანაწილდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მათი ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ ამ მიზნით ანაწილებენ საპოლიციო ძალებს თბილისსა და რეგიონებში. ამასთან, უწყების განმარტებით, ამავე პერიოდში საპოლიციო ძალები ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან.


„პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში“, - აღნიშნულია შს სამინიტროს განცხადებაში.

წუხელ ტელეკომპანია „ოდიშმა“ გაავრცელა კადრები და ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ზუგდიდში, სამართალდამცავების დიდი რაოდენობა შემოიყვანეს.



Print