ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას 12 მილიონ ლარამდე ვალი აქვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დღეის მდგომარეობით 11 მილიონ 850 ათას ლარზე ოდნავ მეტი ვალი აქვს. ამის შესახებ მერიის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ ინფორმაციაშია მოცემული, რომელიც რადიო „ათინათმა“ საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა. დოკუმენტის თანახმად, ვალი ბოლო 10 წლის განმავლობაშია აღებული.

2009-2010 წელს მერიამ 596 714 ლარი გამარჯვების, ნეკრასოვის, აფაქიძის, წითელი ჯვრის ქუჩების, ასევე, შიდა ქუჩებისა და კანალიზაციის სისტემის რებილიტაციისთვის ისესხა, გადახდის ბოლო ვადა კი 2020 წელია.

2023 წლამდეა გადასახდელი 2014 წელს აღებული 488 479 ლარი, რომელიც ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ისესხეს.

მერიამ ორი სესხი აიღო 2017 წელს. მათგან ერთი - მილიონ 450 ათასი ლარი ნაგავმზიდი მანქანებისა და ნარჩენების კონტეინერების შესაძენად ისესხა და მისი გადახდა 2026 წელს მოუწევს. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის სესხად აღებული 5 მილიონ 988 ათასამდე ლარი კი 2030 წელს უნდა გადაიხადოს.

მუნიციპალიტეტმა 2030 წელს უნდა გაისტუმროს 3 მილიონ 330 ათასი ლარი, რომელიც მერიამ 15 ცალი ავტობუსის შესაძენად მიმდინარე - 2019 წელს აიღო.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში აცხადებენ, რომ გარდა ავტობუსების შესაძენად აღებული თანხისა, ყველა ვალი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აიღეს. რაც შეეხება ავტობუსებს, მუნიციპალიტეტმა თანხა ცენტრალური მთავრობისგან ისესხა.




Print