ახალი ამბები
დეპუტატები უარყოფენ, რომ საკრებულოს სხდომაზე სექსისტური პოსტის გამო იცინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დეპუტატები კატეგორიულად უარყოფენ, რომ სხდომაზე თინა ბოკუჩავას მიმართ შეურაცხმყოფელი და სექსისტური პოსტის ხსენებისას გაიცინეს. რადიო „ათინათი“ საკრებულოს რამდენიმე წევრს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამ გამოიწვია მათი სიცილი იმ რებლიკის შემდეგ, რომელიც ანა წითლიძემ პოსტის ავტორის თაზო ფაცაციას მიმართ გააკეთა.

სწორედ თაზო ფაცაცია იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც, როგორც კადრებში ჩანს, წითლიძის სიტყვების შემდეგ გაიღიმა. მან გვითხრა, რომ პოსტის გამო არ გაუცინია და დარწმუნებულია, რომ არც მის კოლეგებში გამოუწვევია პოსტს სიცილი.

„მაგ თემასთან დაკავშირებით არ გამიღიმია. ეს თემა მანდ დაიხურა, როცა ბოდიში მოვიხადე. ჩემთვის პოლიტიკური ოპონენირების კუთხით ეს ყოველთვის იქნება გასათვალისწინებული, მაშინაც არ მინდოდა ნამდვილად, თუმცა, ემოციურ ფონზე გამოვიდა ასე. შეიძლება სხვა რაღაცაზე გაეღიმათ, ისე არასერიოზულად იქცევა წითლიძე. იმის ნაცვლად, რომ მიელოცა გეგა შენგელიიასთვის, სხვადასხვა რამეზე გადაიტანა აქცენტი“, - გვითხრა ფაცაციამ.

რეპლიკას, როგორც რადიო „ათინათის“ კადრებში ჩანს, მოჰყვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას სიცილი, თუმცა ჩვენთან მან თქვა, რომ არა პოსტის შინაარსზე, არამედ წითლიძის ნათქვამზე გაეცინა.

„თინა ბოკუჩავა პარლამენტის წევრია, მაგრამ ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, თუმცა, ეს პოსტი იყო შეცდომა, არ უნდა დაეწერა თაზოს, თუმცა ბოდიში მოიხადა. რაც შეეხება სიცილს, მე იმაზე გამეცინა, რომ წითლიძე იმაზე აძლევს შენიშვნას ადამიანს,რასაც თვითონ აკეთებს ხოლმე. ხშირად ირონიული სიცილი დამკრავს მის ნათქვამზე“, - თქვა ჯიქიამ.

საკრებულოს კიდევ ერთი წევრი გია დანელია ამბობს, რომ არ ახსოვს, რატომ იცინოდა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს სიმწრის სიცილი იყო.

„საერთოდ არ ვიცნობ ბოკუჩავას და შეხება არ მქონია მასთან. თუ გამეცინა, მხოლოდ სიმწრით, რადგან ჩემ უკან შვილისტოლა ბავშვი იდგა პლაკატით და მაბრალებდა სისულელეს, რაც დადგენილიც არაა. შეიძლება ამაზე გამეცინა, თორემ მე თინა ბოკუჩავას მიმართ რამე ნეგატიური გამოვხატე? საკრებულოზე ათასჯერ გავიცინებთ...შეგეშალათ, შეიძლება, საერთოდ არ მომისმენია ეს რეპლიკა“, - გვითხრა დანელიამ.

სექსისტურ და შეურაცხმყოფელ პოსტს ემიჯნება უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ოთო ქადარია, რომელმაც თქვა, რომ არც მას გაუციანია პოსტის შინაარსზე. ქადარიას თქმით, სასაცილო ის „უადგილო“ განცხადება იყო, რომელიც წითლიძემ გააკეთა.

„არ ვამართლებ იმ განცხადებებს, თუნდაც ბოკუჩავას მიმართ, რომელსაც მოჰყვა თავის დროზე შესაბამისი განცხადებები, მაგრამ დღევანდელი განცხადება სასაცილო იყო, თვითონ იმყოფებოდა ისეთ უსუსრ მდგომარეობაში, როდესაც არ ადეკვატური შეფარსბები, რაც საჭირო იყო, თემა რა ჰქონდა და მიედ-მოედებოდა. უადგილო იყო ამ პოსტის გაჟღერება. ეს იყო არაადეკვატური და ამ განცხადებაზე გამეცინა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

საკრებულოს სხდომაზე კამათის დროს ფრაქცია "ენმ"-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ თაზო ფაცაციას უთხრა, რომ მას პასუხს არ გასცემს, რადგან მისი შეგნება იმ პოსტში ჩანს, რომელიც მან თინა ბოკუჩავაზე დაწერა.










Print