ახალი ამბები
ზუგდიდში ყინულის სასახლის ტერიტორია m² - მა იყიდა
ზუგდიდის სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² - მა 7 270 118 ლარად შეიძინა. კომპანია 80 ნომრიან საერთაშორისო სტანდარტების ბრენდულ სასტუმროს ააშენებს, ხოლო მერია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟს უზრუნველყოფს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს.

„ელექტრონული აუქციონის პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო უძრავი ქონებაზე 8 000 000 (რვა მილიონი) ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის განხორციელება, 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმროს მშენებლობა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთის გასხვისების მომენტიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობისა და დანადგარების დემონტაჟს. შემძენი ვალდებულია სასტუმროს მშენებლობა დაასრულოს მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 30 (ოცდაათი) თვის განმავლობაში“, - ამბობენ მერიაში.

ყინულის სახლის ტერიტორიის  გასხვისებას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმებოდა. სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ ზუგდიდში აქციებიც კი გაიმართა. მიუხედავად ამისა  საკრებულომ ტერიტორიის  საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება 7 ივნისს მიიღო.


Print