ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში არ იციან, როდის გამოცხადდება ტენდერი სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჯერჯერობით, არ იციან, როდის გამოცხადდება ტენდერი ზუგდიდის სტადიონის მეორე ეტაპის მშენებლობისთვის. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ობიექტი ამ დროისთვის დახურულია და მედიას შიგნით მასალის გადაღება არ შეუძლია.

„ხარჯთააღრიცხვის ნაწილმა ექსპერტიზა უკვე გაიარა, ახლა ველოდებით კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში ტარდება და უახლოეს მომავალში დასრულდება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიაში.

მუნიციპალიტეტის მერიაში ვერც იმას აკონკრეტებენ, ზუსტად როდის უნდა დასრულდეს ექსპერტიზა.

ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.  

პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა. გასული წლის მარტში, როცა სტადიონს ფედერაციის პრეზიდენტი და ექსპერტები ეწვივნენ, მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა.

უფრო ადრე კი ფეხბურთის ფედერაციამ კედლის მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

ლევან კობიაშვილი ზუგდიდის სტადიონზე: მსგავსი შეცდომები ქვეყნის იმიჯს აზიანებს





Print