ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტიდან ექვს თვეში 50 ათას ლარზე მეტი პრემია-დანამატი გასცეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და მისმა დაქვემდებარებულმა ააიპ-ებმა 2019 წლის პირველი იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით თანამშრომლებზე ჯამში 51 673 ლარის ოდენობის პრემია, ფულადი ჯილდო და დანამატი გასცეს. აქედან, რადიო „ათინათის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, მერიის თანამშრომლებმა 8 680 ლარი ჯილდოს სახით აიღეს. ამავე ინფორმაციით, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა მერის მოვალეობის შესრულებისთვის, მაისის თვის ჩათვლით, ყოველთვიურად 720 ლარს იღებდა, ივნისში კი 180 ლარი მიიღო.

აპრილში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, 1500 ლარი გაიცა, საფუძვლად კი საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგებისთვის წახალისებაა მითითებული. ამავე მიზეზით გაიცა ფულადი ჯილდო ივნისში  1200-1200 ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის 2  უფროს სპეციალისტზე.

მიმდინარე წლის მარტში შანხაიში გამართულ კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, „მისი აღზრდილი სპორტსმენის მიერ მიღწეული წარმატებისთვის“, მერის ბრძანებით მწვრთნელს 1000 ლარი ჩაერიცხა.

რაც შეეხება მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ებს, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სულ პრემია და სახელფასო დანამატი 5 ააიპ-ში გაიცა.

მათგან „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ წარჩინებული თანამშრომლები და მოხეტიალე პირუტყვის დამჭერები ჯამში 8 202 ლარით დააჯილდოვეს. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“  დირექტორმა ნანა ოდიშარიამ 1 400 ლარის ოდენობით სახელფასო დანამატი აიღო. ამავე ააიპ-ის თანამშრომლებზე კი ჯამში  7 000  ლარამდე გაიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ დანამატი ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიიღეს.

სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მეტი 17 600 ლარი ააიპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრში“ გაიცა და ის სხვადასხვა ოდენობით 83 თანამშრომელზე გადანაწილდა. მათ თანხა  „შრომის დისციპლინის განუხრელად დაცვის და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მიიღეს“.

„ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პრემიის სახით 6 050 ლარი, ხოლო „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“  2 750 ლარი გაიცა.




Print