ახალი ამბები
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებები ხმაურის ფონზე განიხილეს
ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე დეპუტატებმა მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე იმსჯელეს და საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხისა და პარლამენტის წინ ახალგაზრდების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მიიღო.

„მე ვთვლი, რომ ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება. მაშინ პროპორციული არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2024 წელი. ჩვენ, როგორც დემორატიულმა სახელმწიფომ, გავითვალისწინეთ იმ ხალხის დაკვეთა და იმ ახალგაზრდების პროტესტი, რომლებიც პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი. მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურდა ხალხს. გვეგონა, რომ სწორი გზა იქნებოდა, რომ არჩევნები 2020 წელს 3%-იანი შერეული სისტემით ჩაგვეტარებინა, მაგრამ რადგან მთელი ოპოზიცია ითხოვს პროპორციულ არჩევნებს ახლავე, მზად ვართ, შევიდეთ ამ კონკურენციაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

განხილვას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ნულოვან ბარიერს 3%-იანი ჯობია. მისივე თქმით, საფიქრალია იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს 2020 წლის არჩევნები იმდაგვარად, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი შედეგი გამოიღოს.

2020-ში პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას მიესალმება "თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსანდრე ბარამიძე, თუმცა ბლოკების გაუქმების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ ისეთი გაერთიანებები, რომლებიც კონკურეტუნარიანები იქნებიან.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელიც განხილვაში მონაწილეობას იღებდა, ამბობს, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა არა თუ მისაღებია, არამედ ეს იყო მათი მოთხოვნა. მისი თქმით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ნიშნავს მრავალპარტიულ პარლამენტს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე განსაკუთრებული ყურადღება 20-21 ივნისის მოვლენებს დაეთმო. სამოქალაქო აქტივისტების როსტომ ზარანდიას და ცაბუნია ვართაგავას მიერ 20-21 ივნისის ღამისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას უარყოფით კონტექსში ხსენებამ დამსწრეთა უმრავლესობაში აღშფოთება გამოიწვია.

შეხვედრაზე, რომელსაც უმეტესად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები დაესწრნენ, პრეტენზიები არასამათრავობო ორგანიზაციების მიმართაც გამოითქვა. რამდენიმე მათგანი სამოქალაქო აქტივისტების დაფინანსების წყაროებითაც დაინტერესდა, ზოგმა კი მათ პარტიულები უწოდა.

გარდა ამისა, დამსწრეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ოპოზიციონერ ალექსანდრე ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ სასამართლოსადმი ნაკლები ნდობის მიუხედავად, სწორედ ამ უწყებამ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს. მის საპასუხოდ დარბაზში მყოფმა საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრმა მურმან ნაჭყებიამ თქვა, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც „განსჯის უნარი“ აქვს, ეს მოვლენები უკვე შეაფასეს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მსგავს შეხვედრებს 10 ქალაქში გამართავს.




Print