ახალი ამბები
დევნილები ზუგდიდის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში ამბობენ, რომ ახლად აშენებულ კორპუსებში კანალიზაციის მილები დაზიანებულია და დაბინძურებული წყალი ჟონავს. მათივე თქმით, სარდაფი ჩამოსული წყლით არის სავსე, რის გამოც ირგვლივ ანტისანიტარია. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები  ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„დაგვპირდნენ, რომ კანალიზაციის პრობლემას მოგვიგვარებდნენ. მოიტანეს გიფსოკარდონი, ააკრეს ჭერზე, მაგრამ მილებიდან, რომ წყალმა გაჟონა ჩამოიყარა ისიც. რამდენჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება“, - ამბობს ნენე სიჭინავა.

ადგილზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მერის, გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც მან არ შეასრულა.

„ასე ასრულებს "ქართული ოცნება" საარჩევნო დანაპირებს. ახლახან იყო შუალედური არჩევნები ზუგდიდში, აქ პირადად იმყოფებოდა მერობის კანდიდატი, რომელიც ამ ადამიანებს პრობლემების მოგვარებას შეჰპირდა. აქ თითქმის ყველა კორპუსში ასეთი მდგომარეობაა. გახეთქილია კანალიზაცია და არის ანტისანიტარია. დაზიანებულია შენობები, აწვიმს კორპუსებს. მიუხედავად დაპირებისა ამ ხალხმა ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა მერთან შეხვედრა“, - ამბობს წითლიძე.

თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებიდან აღნიშნულ პრობლემაზე ოფიციალური მომართვა ამ დრომდე არ ყოფილა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის 17 სხვადასხვა სახის პროექტია განხორციელებული. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, დევნილებს შექმნილი ამხანაგობის საფუძველზე შეუძლიათ წარმოადგინონ პროექტი ხარჯთაღრიცხვით და მერია პროექტის ღირებულების 90 პროცენტს დაუფინანსებს. ამ პროგრამის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა დევნილებთან შეხვედრა, სადაც დეტალურად გავაცანით ეს პროგრამა. მათ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ და შეუძლია ისარგებლონ ამ პროგრამით“, - აცხადებენ მერიაში.

აღნიშნულ დასახლებაში 2015 წელს ახლად აშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულებამ 14,5 მილიონი ლარი შეადგინა. შესახლებიდან რამოდენიმე თვეში სხვადასხვა პრობლემებმა იჩინა თავი. დაფიქსირდა წყლის დაბინძურების ფაქტები, რამდენჯერმე გაიჭედა კანალიზაციის მილი და სხვ.



Print