ახალი ამბები
პოლიციამ აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს განარიდა
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის განარიდეს და ხალხის ნაკადი შენობიდან რამდენიმე მეტრით გადაწიეს. პოლიციამ ამის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვითარება დაიძაბა და იყო იმის საშიშროება, რომ შეკრებილებს ყოფილი მმართველი პარტიის ოფისი დაერბიათ. აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილნენ და შენობის მიმდებარედ გადაინაცვლეს. მანამდე, შეკრებილებმა სიმბოლურად, ყავარჯნები, ცოცხები და კასრები მიიტანეს და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს დაუშინეს. ამასთან, ესროლეს კვერცხები.

ოპოზიციური პარტიის ოფისთან ერთ-ერთი გამვლელი ქალი მივიდა და ის აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მას აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, პლასტმასის კასრები ესროლეს. მას კვერცხი სახეშიც მოხვდა. ამჟამად, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და ისმის სხვადასხვა შინაარსის შეურაცხმყოფელი შეძახილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ მივიდა, რის გამოც მათ "ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

"შუშები ჩაგვიმტვრიეს!! პოლიცია მხოლოდ ახლა მოვიდა!! არადა გუშინდლიდან ვაფრთხილებდი პოლიციას!! ნაძირლებო!", - წერს ანა წითლიძე ფეისბუკის გვერდზე.

თავის მხრივ, სამართალდამცავებმა თქვეს, რომ ისინი ადგილზე მაშინ მოვიდნენ, როცა ამის აუცილებლობა შეიქმნა.


Print