ახალი ამბები
ზუგდიდის მერია შვიდ ახალ თანამშრომელს დაიმატებს
ზუგდიდის მერია საშტატო ნუსხას შვიდი ერთეულით გაზრდის. აქედან, ორი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იქნება, ხოლო თითო-თითო თანამშრომელი საქმის წარმოების განყოფილებას, საფინასო-საბიუჯეტო სამსახურს, ქონებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას, საპროექტო-სახარჯთაღრცხვო განყოფილებას და ზედამხედველობის სამსახურს დაემატება.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ მერიის მოთხოვნის საფუძველზე დღეს მიიღო. აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. მათი თქმით, ზემოაღნიშნული სამსახურებიდან რეალურად დამატებით თანამშრომელი მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურს სჭირდება.

აღნიშნული თემის განხილვას დეპუტატებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ მერიაში შტატები, ისედაც „გაბერილია“ და დამატებით თანამშრომლების აყვანის საჭიროება არ არსებობს.

თავის მხრივ, „გაბერილ“ შტატებთან დაკავშირებით დეპუტატის ბრალდებებს არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ამბობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მერიიდან ათეულობით საჯარო მოხელე დაითხოვეს.

მერია მომავალ თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევს.


Print