ახალი ამბები
ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს გეგმა ამ ეტაპზე აღარ გაეზრდებათ
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები და მერიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის გეგმა არ შეიცვლება და ძველი სისტემით იმუშავებენ. აღნიშნული მოთხოვნით მძღოლები მერიის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, მგზავრთა შემცირებული ნაკადის გამო ისინი არათუ მომატებულ, არამედ უკვე არსებულ გეგმასაც ვერ ასრულებენ.

"მთელი დღის ნამუშევარი თუ ამაზე წავიდა, სახლში პური როგორ მივიტანოთ? ვერ ვიმუშავებთ ასე, რადგან ისედაც შემცირებულია მგზავრების რაოდენობა",- ამბობენ ისინი.

მძღოლებმა ავტობუსები მერიის წინ დააყენეს, თუმცა, საბოლოოდ ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ მერიაში მოლაპარაკება შედგა.

მერის მოადგილის კონსტანტინე კაკავას თქმით, მანამ, სანამ არ განახლდება ავტოპარკი, მძღოლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

"მათ ჰქონდათ კითხვები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებითაც. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რუხში იქნება ობიექტი, სადაც მათთვის სამუშაო გარემო შესაბამისი იქნება. რაც შეეხება გეგმას, ჩვენთან შემოდის 25 ახალი ავტობუსი, რის შემდეგაც იქნება გადახდა ბარათით და მძღოლებს ექნებათ ფიქსირებული ხელფასი, შესაბამისად, არ იქნებიან გეგმაზე დამოკიდებულები. მოვნახეთ კომპრომისული ვარიანტი, რომ ამ გარდამავალ პერიოდში გეგმას არ მოემატება და შესაბამისად, ავტობუსები ჩვეულებისამებრ იმუშავებენ",-აღნიშნა კაკავამ.

მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძღოლები გაფიცვას აპირებდნენ.
Print