ახალი ამბები
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა
მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურაში, ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით, განცხადება შეიტანა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერიიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მერიაში და ამბობენ, რომ მასალები უკვე მიაწოდეს აღნიშნულ უწყებას.

საქმე ეხება ყინულის სახლის ტერიტორიის გასხვისებას, რომელიც კომპანია მ² - მა 7 270 118 ლარად შეიძინა. თავდაპირველი შეთავაზება, რომელიც კომპანიას ჰქონდა შეიცვალა და ამჟამად აქ 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო უნდა აშენდეს. ამისთვის კომპანია 8 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.  

ინფორმაციისთვის, ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ პროკურატურაში მერის წინააღმდეგ განცხადება 2 ივნისს შეიტანა. ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, მუნიციპალიტეტსა და კომპანია  მ²- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს.

მერიაში კი განმარტავენ, რომ შემოთავაზება, რომელიც აღნიშნულ კომპანიას თავდაპირველად ჰქონდა, სამოქალაქო სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ შეიცვალა და  ამით მუნიციპალიტეტმა გაცილებით უკეთესი ეფექტი მიიღო.
Print