ახალი ამბები
ზუგდიდის 8 სოფელში მერის წარმომადგენლებს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში მერის წარმომადგენლებს თანამდებობიდან 1-ელ აგვისტოს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ზუგდიდის ოფისში ამბობენ, რომ რწმუნებულების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და თანამდებობები იმ პირებს დაატოვებინეს, რომლებსაც დაბალი რეიტინგი ჰქონდათ. „ლელო საქართველოსთვის“ ამ ფაქტს მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებს უკავშირებს.
„მასობრივად ათავისუფლებენ თანამდებობიდან მერის წარმომადგენლებს სამსახურიდან. ვვარაუდობთ, რომ ეს უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა არჩევნებზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა მმართველ პარტიას ამ სოფლებში და ახლა ზომებს იღებენ. ჩვენი ვარაუდით, ადამიანებს უკანონოდ ათავისუფლებენ. თუ გათავისუფლებულები გადაწყვეტენ ამაზე საუბარს ჩვენ გვერდზე დავუდგებით. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ ვაჟღერებთ მათ შესახებ “, - თქვა პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა.


ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ რვა სოფლში მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულება პირველ აგვისტოს შეუწყდებათ და ამის მიზეზი საკადრო ცვლილებებია. მერიაში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უარჰყოფენ და აბსურდულს უწოდებენ. თანამდებობიდან გაათავისუფლებენ მერის წარმომადგენლებს შემდეგ სოფლებში: ცვანე, ანაკლია, ჯიხაშკარი, ალერტკარი, კახათი, ახალკახათი, ჭითაწყარი და შამგონა.

Print