ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის საკრებულოს წევრები მერიის ააიპ-ებში არიან დასაქმებული
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს რამდენიმე წევრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, მისი მტკიცებით, საკრებულოს წევრები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით აკრძალული აქვთ სხვა ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დასაქმებულები არიან მერიასთან არსებულ ააიპ-ებში. 

"მივმართავ პროკურატურას თუ თქვენ არ იძიებთ, იმას რომ ეს ადამიანები მონაწილეობენ ამომრჩევლის დაშინებაში, ზეწოლასა და მოსყიდვაში, მაშინ შეისწავლეთ ზუგდიდის მერიებსა და ააიპ-სამსახურებში რა ხდება, რა სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ყველა წარმოდგენილი საკრებულოს წევრი გარდა იმისა, რომ გასამრჯელოს იღებს როგორც საკრებულოს წევრი, გაფორმებულია ზუგდიდის აიპებში. ამასთან გაფორმებულები არიან მათი ოჯახის წევრებიც და ზუგდიდის ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს. ამის ფასად ხდება შემდეგ, რომ ეს ადამიანები დადიან და აკეთებენ ყველაფერს რომ დააშინონ და მოისყიდონ ამომრჩეველი. მერიამ გაასაჯაროვოს მაგალითად კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლების სახელები და გვარები და იქ ვნახავთ ყველაფერს", - ამბობს წითლიძე. 

ის პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს ეს საქმე და აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში განცხადების შეტანას გეგმავს. ამასთან, წითლიძე მერიას მიმართავს, რომ ააიპ-ებში დასაქმებულების სია გაასაჯაროოს.
Print