ახალი ამბები
ზუგდიდში კომისიის თავმჯდომარე უბანთან გაშლილ სუფრაზე იმყოფებოდა - "სამართლიანი არჩევნები"
ზუგდიდის #106-ე საარჩევნო უბანთან სუფრაა გაშლილი. მაგიდა უშუალოდ უბნის შესასვლელთან არის მოწყობილი. იქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მთელი დღე აქ იმყოფებიან და "პურის ჭამით არაფერს აშავებენ".
1059fm · ზუგდიდის 106-ე უბანი
"თქვენ იცით სად იმყოფებით? ეს სამეგრელოა და დაარსებიდან ჭამა და სმაა. რამე დავაშავეთ?", - ამბობენ აგიტატორები.

ასევე, სუფრაა გაშლილი #73 საარჩევნო უბნის სიახლოვეს, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ სუფრა აგიტატორებისთვის გაშალეს.

"სამართლიანი არჩევნების"  ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლების მტკიცებით, #73 -ე საარჩევნო უბანთან გაშლილ სუფრაზე კომისიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა.

ფოტო: "სამართლიანი არჩევნები"

"თავმჯდომარე საქეიფოდ არ უნდა გავიდეს გარეთ. საჭმელი იქვე მიაქვთ და ამისთვის გამოყოფილია ფინანსები ცესკოს მიერ", - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდი ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა.

თავის მხრივ, საუბნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ  თავმჯდომარე ნამდვილად იმყოფებოდა  სუფრაზე, თუმცა იქ სულ ერთი წუთი დაჰყო.

"საჭმელ-სასმელად არ იყო მისული. ხალხი იყო შეკრებილი, მივიდა და სთხოვა დაშლილიყვნენ. ამის მერე შეკრებილები ნელ-ნელა მართლა დაიშალნენ", - გვითხრეს კომისიის წევრებმა.
ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდის გარდა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში იმართება. არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48.24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36.93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც ბუნებრივია უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ იღებს.
Print