ახალი ამბები
პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა
"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდში პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ დეტალებზე მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას. 

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.

მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.

შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მკვიდრი ბადრი ესებუაა. უწყებამ იდენტიფიცირებული პირის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო, გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.



Print