ახალი ამბები
სოხუმში ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე დააკავეს
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის ახრა ავიძბას ნათესავები და მომხრეები "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" შენობასთან არიან შეკრებილები. ისინი ავიძბას დაკავებას აპროტესტებენ. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ ადგილობრივმა ტელეგრამ - არხებმა 4 მარტს გაავრცელეს. შეკრებილების თქმით, უწყება მისი დაკავების სავარაუდო მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს , რომ " ავიძბა აფხაზეთის ტერიტორიაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უკანონოდ შეიარაღებული მოქალაქეების თანხლებით გადაადგილდება". მათივე ინფორმაციით,  დნრ- ის მოქალაქეებიც დაკავებულები არიან.

2 მარტს ავიძბა ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა სოხუმის ცენტრში გამართულ მიტინგში, სადაც ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს და სოციალურ ქსელში გავცრელებულ მის სკანდალურ ვიდეოს აპროტესტებდნენ, წერს "ეხო კავკაზა".

გამოცემის ინფორმაციით, ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება. ის აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა "პრეზიდენტის" პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა. ოპოზიციაში გადასვლის ერთ- ერთ მიზეზად იქცა 2019 წლის 22 ნოემბერს მისი ბიძაშვილის, 38  წლის კანონიერი ქურდის "ხასიკის" მკვლელობა.

2020 წლის ივნისიდან ახრა ავიძბა საერთაშორისო საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ დაინიშნა. მან "თანამდებობა" 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა" დაასახელა.


Print