რეგიონი
ზუგდიდის მთავარი მოედნიდან მონიტორი ღვთისმშობლის ფრესკის გახსნამდე აიღეს
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე განთავსებული ციფრული ეკრანი აიღეს. მისი დემონტაჟი 14 ივლისს, ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის გახსნამდე ერთი დღით ადრე განახორციელეს. აღნიშნული მონიტორი  „ალმას“ ეკუთვნის, რომელსაც გარე რეკლამაზე ნებართვა აუქციონის წესით, 2015 წელს 15 წლის ვადით აქვს მოღებული. კომპანიას ბიუჯეტში ყოველწლიურად 40 500 ლარი შეაქვს.

„ალმას" გენერალური დირექტორის, გიორგი ტრაპაიძის თქმით, მონიტორი სხვა ადგილას გადააქვთ და დამატებითი ინფორმაციის მოძიება მერიაში გვირჩია. მან არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რა გახდა ციფრული ეკრანის სხვა ადგილზე გადატანის მიზეზი.

თავის მხრივ, მერიაში ამბობენ, რომ მონიტორისთვის ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე მერს თხოვნით თავად კომპანია „ალმამ“ მიმართა. მათივე ცნობით, ეკრანი გამსახურდიას გამზირზე, „საქართველო ბანკის“ შენობის მიმდებარედ განთავსდება.

„მონიტორის გადატანის საკითხზე მერიასა და კომპანიას შორის შედგა კომუნიკაცია. იცვლება მხოლოდ ადგილმდებარეობა. სხვა, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული იგივე რჩება, იგივე თანხა შემოვა ბიუჯეტში“, - გვითხრეს მერიაში.

ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, გახსნა.

ფრესკის განთავსების იდეა ეპარქიას ეკუთვნის. სამოქალაქო საზოგადოება ეპარქიის ინიციატივას აქტიურად განიხილავდა. ზუგდიდელების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ადგილას მისი განთავსება მიზანშეწონილი არ არის, ნაწილი კი „ბრწყინვალე იდეას“ უწოდებს.
Print