ახალი ამბები
ეპიდვითარების მიუხედავად ზუგდიდში მერიის მიერ შესყიდული კონცერტი მაინც გაიმართება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვა, რომლის თანახმადაც მერიას უფლება ეძლევა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე გამარტივებული შესყიდვა განახორციელოს. შესაბამის განკარგულებაში მითითებულია, რომ მერიის მიერ ტვ "იმედის" მუსიკალურ-იუმორისტული შოუს ბენდის მომსახურებისთვის თანხის გამოყოფა აკმაყოფილებს "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის" მოთხოვნებს.

ზუგდიდის მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესით ტელეკომპანია "იმედის" გადაცემის "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" ბენდის მომსახურების შესყიდვაზე 19 ათასი ლარი გამოყო.

"მათი ჟანრი არის მუსიკალურ-იუმორისტული, რამაც უდაოდ განაპირობა პოპულარობა საზოგადოებაში. ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, აღნიშნული მუსიკალური პროგრამა შექმნის სადღესასწაულო განწყობას მაყურებლებისთვის", - მიიჩნევენ მერიაში.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, მერიაში განმარტავენ, რომ რეგულაციების დაცვაზე კონტროლი ორგანიზატორებს დაევალათ.
Print