ახალი ამბები
ამ ეტაპზე ზუგდიდში მასწავლებლების 75%-ზე მეტი აცრილია
ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების უმრავლესობა აცრილია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა უთხრა. მამუკა ბულიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა საშუალოდ 65%-ზე მეტმა ჩაიტარა, ზოგ სასწავლო დაწესებულებაში კი ეს მაჩვენებელი 80-90% აღემატება.  

"10 სკოლაში აცრილია 80%-ზე მეტი. თითქმის სრულად ვაქცინირებულია დიდი ნეძის და დარჩელის მე-2 საჯარო სკოლის კოლექტივი, აქვთ 98%-იანი მაჩვენებელი. 9 სკოლაში 75%-ს აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ თუ არ ჩავთვლით სხვა პერსონალს სკოლებში, უშუალოდ მასწავლებლებში საშუალო მაჩვენებელი 75% აღემატება და ეს ციფრები მუდმივად იცვლება", - აღნიშნა მამუკა ბულიამ.

საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს. ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
Print