ახალი ამბები
დადიანების სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები გაიხსნა
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, დედოფლისეულ სასახლეში კი ახალი ექსპოზიცია გაიხსნა. ინიციატივა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკუთვნის.

საზეიმო ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო და ნიკოსეული სასახლის განახლებულ სამკითხველო დარბაზს სამინისტროსგან საჩუქრად გადასცა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სხვადასხვა სახის (მხატვრული, შემეცნებითი, კატალოგები და ა.შ.) ლიტერატურა და პერიოდიკა. ამასთან, დადიანების სასახლეს საჩუქრად გადაეცა წიგნები სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტისგან „ცოცხალი წიგნები“.

საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერით 2016-2019 წლებში ნიკოსეული სასახლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

„დადიანების სასახლეში ცხოვრობდა ავსტრიელი მწერალი, პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების საქმეში ბერტა ფონ ზუტნერი. დადიანებს დინასტიური კავშირი ჰქონდათ საფრანგეთის იმპერატორთან. ამიტომ სასახლეში ინახება ნაპოლეონ პირველისა და ნაპოლეონ მესამის ნივთები: პირადი კორესპონდენციები, ავეჯი, უნიკალური ტილოები და ფოტოები. სასახლის მკვიდრთა ევროპასთან კავშირებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. სამწუხაროდ, დადიანების სასახლეში დაცული ექსპონატების დიდი ნაწილის ხილვა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ვინაიდან დედოფლისეულ სასახლეში საექსპოზიციო დარბაზებში ჭერის ჩამონგრევის მიზეზით დარბაზები დაკეტილი იყო. დღეიდან ამ სივრცეების და მათში გამოფენილი ექსპოზიციის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. ასევე უფლისწულ ნიკოს სასახლეში გაიხსნა არაჩვეულებრივი სამკითხველო დარბაზი, რომელიც შეითავსებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ფუნქციას. მინდა მივულოცო ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ეს შესანიშნავი ახალი ამბავი და იმედი გამოვთქვა, რომ მოგვეცემა სასახლის აღდგენაზე მუშაობის გაგრძელების საშუალება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოწვეულ სტუმრებს დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უწყების ცნობით, დღეიდან, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში ფუნქციონირებას დაიწყებს სამკითხველო დარბაზი, რომელიც სასახლეში საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა.

ამავე ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სასახლეში გადაუდებელი სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა. ამიერიდან დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა დედოფლის სასახლე სრულად დაათვალიეროს, იხილოს ახალი ექსპოზიცია, სადაც ნივთების უმრავლესობა პირველად გამოიფინა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაცია.


Print