ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: გამონაკლისების გარდა, ზუგდიდში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო პროცესს აფასებს და აცხადებს, რომ უბნებთან დაფიქსირებული ინციდენტები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გამოიწვიეს. მისივე შეფასებით, გარდა ცალკეული პროვოკაციებისა, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

"რეალურად, ეს ყველაფერი არის გამოწვეული კონკრეტული პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მხრიდან, მათთან ასოცირებული და პირდაპირ დაკავშირებული ეგრეთწოდებული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან და ასევე სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ რიგ შემთხვევებში, არსებობს გარკვეული ინფორმაციის ან გარკვეული პროცედურების ცოდნის ნაკლებობა მედია საშუალებების წარმომადგენლებიდან. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე მთელი დღის განმავლობაში დღეს გადავადგილდებოდი სხვადასხვა უბანზე, ვაკვირდებოდი პროცესს, პროცესი მართლაც რომ მშვიდობიანად მიმდინარეობს, ამ გამონაკლისების გარდა, რომელიც მე თქვენ გითხარით, თუმცა აშკარად შესამჩნევია, რომ თითოეულ უბანზე, არის ადამიანების მობილიზება, უცხო პირების მობილიზება, რომლებიც არიან ჩამოსულები ზუგდიდში და მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციის მანდატით", - აცხადებს ჩიქოვანი. 

მისივე თქმით, მმართველი პარტია ინარჩუნებს სიმშვიდეს და არ აპირებს აჰყვეს პროვოკაციებს.

"ასევე მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა იმას, რომ სამართალდამცავები მოქმედებენ ოპერატიულად და თითოეულ შემთხვევაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება და ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ზუგდიდში და მთლიანად ქვეყანაში, არჩევნებმა ჩაიარონ მშვიდობიან რეჟიმში", - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, მე-20 საარჩევნო უბანთან მოძრაობა " საქართველოსთვის" აქტივისტები და დამკვირვებლები დააკავეს. ამ დროისთვის პოლიციაში გადაყვანილია ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 5 დამკვირვებელი.

Print