ახალი ამბები
რატომ დატოვა დადიანების მუზეუმი თანამშრომელმა და რას პასუხობს მას დირექტორი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი თანამშრომელმა დატოვა. ამის შესახებ მუზეუმის საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების მენეჯერი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში წერს. ის არ აკონკრეტებს რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა პოსტში აღნიშნულია, რომ მას გარკვეული სახის უთანხმოება ჰქონდა ახლად დანიშნულ დირექტორთან.

"მუზეუმიდან წამოვედი...არ ვაპირებდი ახსნა-განმარტებას, მაგრამ დღეს ღარიბაშვილმა რაც განაცხადა, ამიტომაც წამოვედი. არ იზარმაცოთ, იშრომეთ, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელფასი მიიღეთ, სხვა დამატებითიც მოიძიეთ, ორი-სამი სამუშაო იშოვეთ, ამის თავისუფლება უნდა გქონდეთ, რათა მეტი შემოსავალი შეიტანოთ საკუთარ ოჯახებშიო. ლამის მთელი ერი, ვინც მუშაობს და არ მუშაობს, სოციალურად დაუცველად ვიქეცით, რადგან ის ჯამაგირი, რასაც ერთ სამსახურში იღებ, არ შეიძლება გეყოს.

ვინც მიცნობს, იცის, არც შრომა მეზარება და არც ჩემი შრომის ნაყოფია მავნებელი. მადლობა ჩემს მაგარ მასწავლებლებს - შოთას, ილიას, ვაჟას, დიდოსტატს, ჯავახიშვილს...რომელთა შემოქმედების სწავლებით მოსწავლეები არ მაკლია და ჩემთვის ეს ის მეორე სამსახურია, აი, ღარიბაშვილმა რომ თქვა.

მუზეუმს ახალბედა, არაპროფესიონალი მმართველი დაუნიშნეს, არ იცნობს პერსონალს, აცდენილია დროსა და რეალობას... მოკლედ, პირდაპირი მნიშვნელობით მეჭიდავა გარკვეული დროის გამოყენებაზე, რაც აუცილებლად მჭირდებოდა სასწავლო პროცესთან შესათავსებლად და გადასარჩენად...ფაქტები დაგროვდა, გაბევრდა და წამოვედი. არ ვნანობ, რადგან არ ვექვემდებარები ტიპს, რომელმაც დაიძინა ლიბერთი ბანკში და გაიღვიძა დადიანების სასახლეში.

ცვლილება სჭირდება ქვეყანას! ცვლილება გვჭირდება ჩვენ!", - წერს ფეისბუქზე ნანა ფიფია. 

თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა რადიო "ათინათთან" საუბარში ამბობს, რომ უთანხმოების მთავარი მიზეზი, თანამშრომლის ის მოთხოვნა იყო, რომლის დაკმაყოფილებაც მის უფლებამოსილებას აღემატებოდა. მისივე განმარტებით, ნანა ფიფია ითხოვდა, რომ სასწავლო პერიოდის, ანუ 9 თვის განმავლობაში ყოველდღე 3 საათზე გაეშვათ სამსახურიდან. როგორც ოყუჯავა ამბობს, ბოლოს, თანამშრომელს შეუთანხმდა და უფლება მისცა გარკვეული დროით ესარგებლა.

"თუმცა განცხადებაში ისევ დამიწერა, რომ 3 დღე გავა 5-დან 6-მდე, 2 დღე კი გავა 3-დან. ეს განცხადება დევს ოფიციალურად. ის, რასაც ითხოვდა ნანა ფიფია, მე არ მაქვს ამის უფლება, სახელმწიფო ორგანიზაციაა, მე როგორც დირექტორი უფლებებში შეზღუდული ვარ კანონმდებლობით. ნანა იყო ამას მიჩვეული წლების განმავლობაში. აი თქვენ ახლა რომ "ათინათთან" გაწყვიტოთ თანამშრომლობა, ეგრევე ხომ ვერ წახვალთ სამსახურიდან, 1-2 კვირა ხომ დაგჭირდებათ საქმეების გადაბარებისთვის, ხო და ნანა ფიფიამ დღეს დაწერა განცხადება და ხვალ წავიდა სამსახურიდან, 15 წელი იმუშავა მუზეუმში და ერთი საქმეც არ ჰქონდა ვინმესთვის გადასაბარებელი? ახლა დგას და მე მლანძღავს საჯაროდ. საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების მენეჯერი იყო, 15 წლის განმავლობაში, 1 საგანმანათლებლო პროექტი დამისახელეთ, რომელიც დაწერა და დევს მუზეუმში, ან გუნდთან ერთადაა შექმნილი", - გვითხრა ოყუჯავამ.

დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად დავით ოყუჯავა მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა.  


ფოტო: shermazana
Print