ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერიასთან აქციას აანონსებს
გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 6 დეკემბერს ზუგდიდის მერიასთან აქციას აანონსებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა დეპუტატმა ანა წითლიძემ დაწერა. როგორც ფეისბუქზე ვკითხულობთ, დემონსტრანტები პარტიის ოფისთან შეიკრიბებიან და მერიისკენ გაემართებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე წერს, რომ აქციის მიზეზი, მმართველი პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალებაა, რამაც, თავის მხრივ, საკრებულოში კრიზისი შექმნა.

"ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს, რაც ნიშნავს პარალიზებულ საკრებულოს.
პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას.

ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე. ამ კრიზისის შემქმნელი არის ქართული ოცნება, რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს.

ამიტომ, "არჩეულმა მერმა" უნდა იცოდეს, რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში.

ხვალ, 11:00 სთ-ზე ვიკრიბებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ზუგდიდში. გელოდებით ყველას", - ვკითხულობთ პოსტში.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველ სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩია. ორივე ოპოზიციურმა პარტიამ სხდომა დატოვა, რის შემდეგაც სხდომა კვორუმის არარსებობის გამო შეწყდა. მომდევნო ჯერზე კი დეპუტატები პარასკევს უნდა შეიკრიბონ. ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს 22 მანდატი აქვს, ქართულ ოცნებას - 20, გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” კი - 3.

ამავე თემაზე:

რატომ ვერ აირჩიეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
Print