ახალი ამბები
ძმები ესებუების საქმეზე სასამართლო მოსმენები გრძელდება
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილის, ბადრი ესებუას საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში სხდომები გრძელდება. ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე, მათ შორის, ერთი მძევალი დაიკითხა. რაც შეეხება ძებნილის ძმის, მსჯავრდებული ბიძინა ესებუას საქმეს, ჯანაშიას თქმით, მათ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება გასულ კვირაში უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ეს საქმე უზენაეს სასამართლოში უკვე გავასაჩივრეთ",- აღნიშნა ესებუების ადვოკატმა.

იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ბიძინა ესებუა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის ძებნილი ბადრი ესებუას ძმაა. მისივე მტკიცებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ის სახელმწიფო სტრუქტურების მძევალია, რადგან ბადრი ესებუა ვერ დააკავეს.

ინფორმაციისთვის, სამართალდამცავებმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების და ძებნილი ძმის დახმარების ბრალდებით, 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. გამოძიების მტკიცებით, ბანკზე თავდასხმა სოფელ ალერტკარის მკვიდრმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  150-ე (იძულება), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.
Print