ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება - აუდიტი
ზუგდიდის მერიამ 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში წერს.

"ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 121,018.3 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 120,968.3 ათასი ლარი შეადგინა.

ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, საკანალიზაციო ქსელის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა დაგეგმილი და აუთვისებელი თანხებისა, მუნიციპალიტეტს 2019-2020 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა არსებითი მოცულობის თანხები, კერძოდ: 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 3,932.4 ათასი ლარი, რომლის გამოყენება სრულად დაიგეგმა.

მიუხედავად ამისა, 2019 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ (ზრდამ) შეადგინა 8,315.3 ათასი ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა 12,247.7 ათასი ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 8,302.3 ათასი ლარი – სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი 3,945.4 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია.

მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 2019 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთის სრული გამოყენება. 2020 წელს ნაშთი შემცირდა და ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) 8,265.3 ათასი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის დაფიქსირდა 3,982.4 ათასი ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 2,856.1 ათასი ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 1,126.3 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია", - ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად ბიუჯეტი იმგვარად უნდა დაგეგმოს, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.

Print