ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ 22 ათასი ლარით აზარალა ბიუჯეტი არასწორი სამშენებლო ნებართვის გამო
სასამართლომ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული შეუსაბამო გადაწყვეტილების გამო ზუგდიდის მერიას კერძო პირისთვის 22 ათას ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტმა გასცა ნებართვა ერთ-ერთ კერძო პირზე, მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთსართულიანი სახლის მშენებლობის შესახებ.

მოგვიანებით, 2017 წელს, სახლის მშენებლობის პროცესში, სს "ელექტროსისტემამ" სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბათილად ეცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რადგან ამ ტერიტორიაზე არ შეიძლებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა.

"2019 წელს მერიამ მესაკუთრეებს მოსთხოვა მშენებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი. აღნიშნულის საპასუხოდ, მათ მიმართეს მერიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. შემდგომ მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი. ზიანი შეადგენდა მშენებლობის პროექტის მომზადების, მშენებლობისა და შენობის დემონტაჟის ღირებულებას. საბოლოოდ, სასამართლომ მერიას დააკისრა 21.9 ათასი ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ. სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში, მერიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე", - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ამით სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში, მერიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. გარდა ამისა, აღნიშნულმა გამოიწვია კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დარღვევა და ადგილობრივი ბიუჯეტის საზარალოდ, მუნიციპალიტეტს დაეკისრა კერძო მოსარჩელეებისთვის ზიანის ანაზღაურება.

Print