ახალი ამბები
გახარიას მხარდაჭერისთვის გამათავისუფლეს - ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი
ზუგდიდის მერიის ა(ა)ი.პ "მოსწავლე–ახალგაზრდობის  სასახლის" ყოფილი თანამშრომელი თამარ ქომეთიანი, სამსახურიდან მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ამავე სასახლის დირექტორს, დავით შამათავას ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას უკავშირდება.

"2021 წლიდან ვმუშაობდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსად. აღნიშნულ პერიოდში ჩემზე ხშირად ხორციელდებოდა ზეწოლა, კაბინეტში დაბარებებით, რომ დამეტოვებინა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე და ა.შ. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ვარ გიორგი გახარიას მხარდამჭერი. დიახ! ვარ გიორგი გახარიას მხარდამჭერი, მერე რა? რომელს მოგებოდიშოთ? მე ჩემი აზრი გამაჩნია!ზეწოლის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ჩემი პოლიტიკური მრწამსი ვერ შეარყიეს, მთელი პერიოდის განმავლობაში პირნათლად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს", - წერს ქომეთიანი. 

როგორც ის ამბობს, სამსახურიდან გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი იყო და იმ პირობებში მოხდა, როცა მისი ოჯახის წევრი კოვიდგართულებებით რეანიმაციაში იმყოფებოდა. 

"25 დეკემბერს, როცა ყველა საახალწლო სამზადისით იყო დაკავებული, ჩემს მეუღლეს დაუდგინდა კოვიდის შემდგომი გართულება, ფილტვების 80 %-ნი დაზიანებით და სასწრაფოდ გადასაყვანი შეიქმნა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც ორი კვირის განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიდექით. 8 იანვარს კი მაცნობეს, რომ ბატონ დავით შამათავას გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით, განთავისუფლებული ვარ დაკავებული თანამდებობიდან. ჩემი ოჯახი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩემი ორი უმუშევარი შვილისა და ჟანგბადის აპარატზე დამოკიდებული მეუღლით. მებადება კითხვა, აქვს თუ არა ბატონ დავითს მორალური უფლება იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი", - ამბობს თამარ ქომეთიანი.

ის წერს, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს. 

მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ადმინისტრაციაში ქომეთიანის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მას შრომითი ხელშეკრულება ვადის ამოწურვის გამო შეუწყდა. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კი გამორიცხავენ.


Print