ახალი ამბები
სოლიდარობის გზავნილი - ზუგდიდში უკრაინის რადაში გასაგზავნ დროშაზე ხელმოწერები დატოვეს
მოძრაობა "დროას" ორგანიზებით, უკრაინის რადაში გასაგზავნ დროშაზე ხელმოწერები სიმბოლურად ზუგდიდშიც დაიტანეს. "სოლიდარობის გზავნილს" პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ "ლელოს", ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და "ევროპული საქართველოს წევრები. "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარიამ სიჭინავას თქმით, ხელმოწერილ დროშას, მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, ელენე ხოშტარია უკრაინის რადის დეპუტატებს გადასცემს.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში მთელი თავისუფალი სამყარო იდგა უკრაინის გვერდით. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან შანსი დაემტკიცებინა მისი მყარი პოზიცია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოს დროშაზე გავაკეთოთ ხელმოწერები, რომელსაც ელენე ხოშტარია წაიღებს უკრაინის უმაღლეს რადაში. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დავუწერე ყველა პარტიას, მათ შორის "ქართულ ოცნებას", გახარიას პარტიას, რომ მზად ვიყავით, მიგვეღო მათი ხელმოწერებიც, დღეს, საჯარო მოხელეებისგან მივიღე წერილები, რომ მათ აუკრძალეს მოსვლა დღევანდელ აქციაზე, რაც ძალიან სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რატომ არ ახსენა ხელისუფლებამ რეზოლუციის ტექსტში რუსეთი", - თქვა სიჭინავამ. 

აქციის მიმდინარეობისას მან სკეიტპარკის ტერიტორიაზე უკრაინის დროშა დახატა. 

სიჭინავას ინფორმაციით, დროშაზე ხელმოწერის დატოვება მსურველებს დღეს 3 საათამდე შეეძლებათ. ამასთან, ის ზუგდიდის მერიაში მისვლას გეგმავს, სადაც კიდევ ერთხელ შესთავაზებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას. 

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია გუშინ მიიღო. დოკუმენტში რუსეთის მიერ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია ნახსენები არ არის. ოპოზიცია დოკუმენტის ამ სახით მიღების წინააღმდეგი იყო და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.


Print